სივრცე

ჩვენს შესახებ

SIVRTSE - შემოქმედებითი სივრცეა, რომელიც “კომუსიკაციისა” და “შემოქმედებითობანას" კოლაბორაციით შეიქმნა. ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა შემოქმედებითი მიმართულება ერთ სივრცეში იყრის თავს. მუსიკა, თეატრი, სამსახიობო ხელოვნება, მოძრაობა და ვიზუალური ხელოვნება. SIVRTSE-ში ბავშვები და ახალგაზრდები პროფესიონალ ხელოვანებთან ერთად გადიან შემოქმედებით პროცესს, სწავლობენ საკუთარი იდეების გამოხატვას, მუშაობენ ინდივიდუალურად, გუნდურად და მიღებულ გამოცდილებას რეალურ შემოქმედებით პროექტებში აერთიანებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ თავად პროცესიც. აღმოჩენა, ექსპერიმენტი, თავისუფალი აზროვნება და თანამშრომლობა. SIVRTSE არის ადგილი, სადაც იდეები ერთმანეთს ხვდება და შემოქმედება საერთო გამოცდილებად იქცევა.

მენტორები

Natalia Totibadze

ნატალია თოთიბაძე

კომპოზიტორი, მუსიკოსი | „კომუსიკაციის“ დამფუძნებელი

ნატალია თოთიბაძე კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომლის შემოქმედება აერთიანებს საავტორო მუსიკას, თეატრს, კინოსა და მუსიკალურ-სასცენო პროექტებს. იგი ქმნის ვოკალურ და ინსტრუმენტულ კომპოზიციებს, მუშაობს როგორც მოზარდებთან (საბავშვო სიმღერები და მიუზიკლები), ასევე პროფესიონალ ხელოვანებთან.

მის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნაწარმოებს „ტანგო ერთისთვის“, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ფრანგმა აკორდეონისტმა რიშარ გალიანომ საკუთარ საშემსრულებლო რეპერტუარში შეიტანა.

პროექტში

პროექტის ფარგლებში ნატალია ქმნის მუსიკას სპექტაკლისთვის.ასევე მონაწილეებთაიმუშავებს მუსიკაზე, როგორც ამბის მოყოლისა და თვითგამოხატვის ინსტრუმენტზე. პრაქტიკული მუშაობის, აქტიური მოსმენისა და იმპროვიზაციის გზით მონაწილეები გამოიკვლევენ, როგორ შეიძლება ემოცია, სიტყვა, მოძრაობა, რიტმი და სიჩუმე მუსიკალურ იდეად გარდაიქმნას და როგორ ურთიერთქმედებს მუსიკა სცენურ ისტორიასთან.როგორ იქმნება მუსიკა კონკრეტული სცენისთვის და მხარტვეული პერსონაჟისთვის.

Kato Giorgadze and Elene Alavidze

ელენე ალავიძე და კატო გიორგაძე

რეჟისორები | „შემოქმედებითობანას“ დამფუძნებლები

ელენე ალავიძე და კატო გიორგაძე რეჟისორები და შემოქმედებითი სახელოსნო „შემოქმედებითობანას“ დამფუძნებლები არიან. 2025 წელს შექმნილი სახელოსნო მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების, დაკვირვების, თვითგამოხატვისა და საკუთარი იდეების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. „შემოქმედებითობანას“ ფარგლებში მონაწილეებს უკვე შექმნილი აქვთ საავტორო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები და ხელნაკეთი წიგნები საკუთარი ისტორიებით.

Elene Alavidze

ელენე ალავიძე

რეჟისორი | „შემოქმედებითობანას“ თანადამფუძნებელი

ელენეს პროფესიული გამოცდილება აერთიანებს რეჟისურას, ვიზუალურ კომუნიკაციასა და შემოქმედებითი კონცეფციების შექმნას. იგი მუშაობს ვიდეოს, დიზაინისა და მოძრავი თუ სტატიკური ვიზუალების მიმართულებით და სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს. რეჟისორულ პროცესში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიის გადმოცემის ფორმა - პერსონაჟზე დაკვირვება, ატმოსფეროსა და ვიზუალური ენის შექმნა, ემოციების გააზრება და სხვადასხვა ელემენტის ერთიან მხატვრულ ხედვად გაერთიანება.

Kato Giorgadze

კატო გიორგაძე

რეჟისორი | „შემოქმედებითობანას“ თანადამფუძნებელი

კატო სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტზე და თეატრალურ სტუდია „ართჰოლში“. მონაწილეობდა მიშა თუმანიშვილის სახელობის თეატრის რამდენიმე სპექტაკლში, დადგმული აქვს გოდერძი ჩოხელის მოთხრობებზე დაფუძნებული სპექტაკლი და გადაღებული აქვს სამი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ორი მხატვრული და ერთი დოკუმენტური. მისი რეჟისორული მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია პერსონაჟისა და ადამიანური ბუნების კვლევა - პერსონაჟის მოტივაციის, ემოციებისა და ქცევის გააზრება და მათი სცენურ გამოცდილებად გარდაქმნა.

პროექტში

ელენე და კატო მონაწილეებთან ერთად იმუშავებენ პიესასა და სპექტაკლის რეჟისურაზე. ექვსი თვის განმავლობაში ისინი გაივლიან სპექტაკლის შექმნის სრულ პროცესს - პიესისა და მისი დრამატურგიული სტრუქტურის გააზრებიდან პერსონაჟების შექმნამდე, სცენების აწყობასა და საბოლოო წარმოდგენამდე.

დაკვირვების, იმპროვიზაციისა და პრაქტიკული მუშაობის გზით მონაწილეები გამოიკვლევენ პერსონაჟების მოტივაციას, ემოციებს, ურთიერთობებსა და ქვეტექსტს და ეტაპობრივად შექმნიან საკუთარ როლებს. პროცესის მთავარი მიზანია, თითოეული მონაწილე იყოს არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ სპექტაკლის შექმნის სრულფასოვანი თანამონაწილე - იფიქროს, დასვას კითხვები და საკუთარი იდეები შემოქმედებით პროცესში შეიტანოს.

ვორქშოფის ძირითადი თემები

  • პიესის კითხვა და დრამატურგიული ანალიზი
  • თემები და ღირებულებები
  • პერსონაჟისა და როლის კვლევა
  • მოტივაცია, ემოცია და ურთიერთობები
  • ტექსტი და ქვეტექსტი
  • რეჟისორული ინტერპრეტაცია
  • იმპროვიზაცია და სცენური მუშაობა
  • ვიზუალური და შემოქმედებითი აზროვნება
  • სცენის ატმოსფერო და მხატვრული ხედვა
  • რეპეტიციის პროცესი
  • პიესიდან საბოლოო სპექტაკლამდე
Salome Chapodze

სალომე ჭაფოძე

მსახიობი | მსახიობის ოსტატობა, მეტყველება და მოძრაობა

სალომე ჭაფოძე მსახიობია. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ თეატრთან და მონაწილეობდა სპექტაკლებში, სარეკლამო კამპანიებსა და შემოქმედებით პროექტებში.

მის სამსახიობო პრაქტიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სხეულის, ხმისა და ემოციის ერთიანად გამოყენებას - როგორც როლის შექმნის, ისე სცენური თავისუფლებისა და ინდივიდუალური გამოხატვის ფორმის აღმოჩენის პროცესში.

პროექტში

სალომე მონაწილეებთან იმუშავებს მსახიობის ოსტატობაზე, მეტყველებასა და მოძრაობაზე. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სცენური მუშაობის საშუალებით მონაწილეები ისწავლიან საკუთარი ხმისა და სხეულის უკეთ გამოყენებას, ემოციის გამოხატვას, პარტნიორის მოსმენასა და სცენაზე თავისუფლად მოქმედებას. ვორქშოფის მთავარი მიზანია არა მხოლოდ სამსახიობო ტექნიკის განვითარება, არამედ მონაწილეებისთვის საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და თავისუფალი, ინდივიდუალური თვითგამოხატვის ფორმის პოვნაში ხელშეწყობა.

ვორქშოფის ძირითადი თემები

  • მსახიობის ოსტატობის საფუძვლები
  • მეტყველება, ხმა და სუნთქვა
  • სხეული და მოძრაობა სცენაზე
  • ემოციის ამოცნობა და გადმოცემა
  • დაკვირვება, მოსმენა და რეაქცია
  • პარტნიორთან სცენური ურთიერთობა
  • იმპროვიზაცია და პრაქტიკული სავარჯიშოები
  • სცენური თავისუფლება და თვითგამოხატვა
Bidzina Sidiani

ბიძინა სიდიანი

თეატრის მხატვარი, სცენოგრაფი | სცენოგრაფია, დეკორაცია და კოსტიუმი

ბიძინა სიდიანი თეატრის მხატვარი და სცენოგრაფია. 2021 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მიიღო თეატრის მხატვრის მაგისტრის ხარისხი. მისი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს თეატრს, ფერწერას, გამოყენებით ხელოვნებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გიგა ლაპიაშვილის თოჯინების თეატრსა და მოძრაობის თეატრში, ხოლო 2018–2020 წლებში იყო პროფესორ კლაუს ჰიპის ასისტენტი იმლინგის საზაფხულო ოპერის ფესტივალზე. მუშაობდა სხვადასხვა თეატრალური დადგმის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებზე. 2024 წლიდან მონაწილეობს შვეიცარიაში Bühnenkunst Amwort-ის სპექტაკლების შექმნაში, ხოლო 2025 წელს იყო ქართული მხატვრული ფილმის „ბარბარეს კინო“ არტ-დირექტორი.

პროექტში

ბიძინა მონაწილეებს გააცნობს თეატრის იმ მხარეს, რომელიც მაყურებლისთვის ხშირად კულისებს მიღმა რჩება - როგორ იქმნება სპექტაკლის ვიზუალური სამყარო.

მონაწილეები გაივლიან პროცესს პირველი იდეიდან სცენურ გადაწყვეტამდე: იმუშავებენ სივრცეზე, ესკიზებზე, დეკორაციასა და კოსტიუმზე და გამოიკვლევენ, როგორ ერთიანდება სხვადასხვა ვიზუალური ელემენტი ერთ მთლიან სცენურ ენად. პრაქტიკული მუშაობისას ისინი თავადაც შექმნიან და გამოცდიან საკუთარ იდეებს, რათა ფანტაზია რეალურ ვიზუალურ ფორმად გარდაქმნან.

ვორქშოფის ძირითადი თემები

  • სცენოგრაფიის საფუძვლები
  • სცენა და სივრცითი განაწილება
  • პიესის ვიზუალური ინტერპრეტაცია
  • სპექტაკლის ატმოსფერო და ხასიათი
  • ფერი, ფორმა და ფაქტურა
  • დეკორაციისა და კოსტიუმის ურთიერთობა
  • ესკიზებზე მუშაობა
  • სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა
  • პრაქტიკული ექსპერიმენტები და მაკეტზე მუშაობა

ვიდეო გალერეა

  • ბიძინა სიდიანი
  • კატო და ელენე
  • ნატალია თოთიბაძე
  • სალომე ჭაფოძე